საქართველოში პირველად განხორციელდა დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვება
30/11/20202020 წლის 12 ნოემბერს, პირველად საქართველოში, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურმა დეპოზიტარმა (შემდგომში „დეპოზიტარი“), სატელეკომუნიკაციო კომპანიის სს „სილქნეტის“ ევროობლიგაციების საფუძველზე განახორციელა დეპოზიტარული ხელწერილების გამოშვება და დაშვება თავის სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო სისტემაში. დეპოზიტარის მიერ საქართველოში გამოშვებული სს „სილქნეტის“ დეპოზიტარული ხელწერილების გადაცვლა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლების მეშვეობით შესაძლებელია სს „სილქნეტის“ მიერ უცხოეთში გამოშვებულ მათსავე ევროობლიგაციებში და პირიქით. აქედან გამომდინარე, დეპოზიტარული ხელწერილების შეძენით ინვესტორებს შეუძლიათ ირიბად შეიძინონ ევროოობლიგაციები და მცირე ტექნიკური განსხვავებების გათვალისწინებით პრაქტიკულად მიიღონ ევროობლიგაციების პირდაპირი შეძენის მსგავსი საინვესტიციო შედეგი.
უცხოური ფასიანი ქაღალდის ადგილობრივ ბაზარზე მიმოქცევის უზრუნველყოფა მისგან წარმოებული, ადგილობრივი ფასიანი ქაღალდის გამოშვების გზით, საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილ პრაქტიკას წარმოადგენს.
სს „სილქნეტის“ მიერ გამოშვებული ევროობლიგაციების სალისტინგო დოკუმენტი (Listing Particulars) დამტკიცებულია ირლანდიის საფონდო ბირჟის „ევრონექსთ დუბლინის“ მიერ 2019 წლის 29 მარტს. სს „სილქნეტის“ ევროობლიგაცია წარმოადგენს უცხოურ ფასიან ქაღალდს, რადგან გამოშვებულია უცხო ქვეყნის იურისდიქციაში და უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე დროს ის დაშვებულია როგორც დეპოზიტარის სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო სისტემაში, ისე საქართველოს საფონდო ბირჟის (შემდგომში „ბირჟა“) ლისტინგში და ივაჭრება ბირჟაზე.
უცხოური ევროობლიგაციების გამოშვების პირობების თანახმად აღნიშნული ფასიანი ქაღალდების შეძენის მინიმალური ლოტი არის 200 ათასი აშშ დოლარი, რაც მოუხერხებელია ბევრი ინვესტორისთვის. მათგან განსხვავებით სს „სილქნეტის“ ევროობლიგაციების საფუძველზე გამოშვებული სს „სილქნეტის“ დეპოზიტარული ხელწერილების ნომინალური ღირებულება არის მხოლოდ 1,000 აშშ დოლარი და მათი ფლობა და აღრიცხვა უკვე შესაძლებელია დეპოზიტარის სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო სისტემაში საქართველოს იურისდიქციით. ამასთან, საცალო ინვესტორების მიერ აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილებით ბირჟაზე ვაჭრობა შესაძლებელია, მათი შესაბამისი ევროობლიგაციებით ვაჭრობის პარალელურად, ბირჟის წევრი საბროკერო კომპანიების მეშვეობით.
პოტენციური ინვესტორები სრულად უნდა გაეცნონ დეპოზიტარული ხელწერილების შეთავაზების პირობების დოკუმენტს და მასში მოცემულ ინფორმაციას (მათ შორის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან დაკავშირებულ რისკებს), რომლებიც საჯაროდ
ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=679
სს „სილქნეტის“ დეპოზიტარული ხელწერილების ძირითადი პარამეტრები: მაქსიმალური 200,000,000 (ორასი მილიონი) აშშ დოლარის ნომინალური ღირებულებისა და წლიური 11% (თერთმეტი პროცენტი) საპროცენტო განაკვეთის (სარგებლის) მქონე დეპოზიტარული ხელწერილები. თითოეულ დეპოზიტარულ ხელწერილს გამოშვების თარიღიდან განაღდების (დაფარვის) თარიღამდე დაერიცხება წლიური სარგებელი ზემოთ მითითებული საპროცენტო განაკვეთით, რომლის გადახდა განხორციელდება წელიწადში ორჯერ. დეპოზიტარული ხელწერილების განაღდების (დაფარვის) თარიღი არის 2024 წლის 2 აპრილი. თითოეული დეპოზიტარული ხელწერილის ნომინალური ღირებულება გამოშვებისას: 1,000 (ათასი) აშშ დოლარი.
დეპოზიტარი განახორციელებს დეპოზიტარული ხელწერილების აღრიცხვასა და შენახვას ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლების, მათ შორის, როგორც ნომინალური მფლობელების, ფასიანი ქაღალდების ანგარიშების მეშვეობით.
დეპოზიტარული ხელწერილების საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ საქართველოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შეთავაზების პირობებით დასაშვებია მათი შეთავაზება საცალო ინვესტორებისთვისაც. დეპოზიტარული ხელწერილები დაშვებულია სავაჭროდ საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა: „მივესალმებით სს „სილქნეტის“ ევროობლიგაციების პარალელურად მათი დეპოზიტარული ხელწერილების საქართველოში გამოშვებას და საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგში მათ დაშვებას. აღნიშნულით ჩვენ პირველად გავაჩინეთ შესაძლებლობა, რომ როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოელმა ინვესტორებმა ერთდროულად ივაჭრონ როგორც დეპოზიტარული ხელწერილებით, ასევე მათი შესაბამისი ევროობლიგაციებით, რამაც მათ ლიკვიდურობას უნდა შეუწყოს ხელი. მსურს მადლობა გადავუხადო ბირჟის და დეპოზიტარის გუნდს იმ დიდი შრომისთვის, რაც მათ გაწიეს აღნიშნული ტრანზაქციის წარმატებით დასრულებისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ სს „სილქნეტის“ მაგალითს მიბაძავენ სხვა ქართული კომპანიებიც, რომლებსაც გამოშვებული აქვთ თავიანთი ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო ბაზრებზე.“