05 ოქტომბერი 00:00

"სფქცდ"-ის განახლებული ინფორმაციული ინფრასტრუქტურა

24/12/2018
   საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა (Georgian Securities Settlement System – GSS System) ამოქმედდა. ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული იქნება.
   ახალი სააღრიცხვო-საანგარიშსწორებო სისტემის დანერგვაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ერთობლივი მასშტაბური პროექტი, ქართული კაპიტალის ბაზრის ძირეულ ტრანსფორმაციას ისახავდა მიზნად. საგულისხმოა, რომ პროექტი ეროვნული ბანკის და კერძო საფინანსო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია.
   ახალი სისტემა ფასიანი ქაღალდებით სწრაფ და უსაფრთხო ოპერაციებს უზრუნველყოფს. ოპერაციების ავტომატიზებულობა ნაკლებ დროს და ადამიანურ რესურს საჭიროებს, რაც მომსახურების ტარიფებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
   ახალი სისტემა ეროვნული ბანკის სერვერებზე განთავსდება და მის უწყვეტ ფუნქციონირებას და დაცულობას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. ფულადი ანგარიშსწორება ეროვნული ბანკის კიდევ ერთი სისტემის - RTGS-ის საშუალებით მოხდება. აღნიშნული კი ფულადი და ფასიანი ქაღალდების სინქრონულ ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს, რაც ე.წ. DvP ტიპის ანგარიშსწორების ნულოვანი რისკის გარანტიაა
   GSS სისტემა თავისი ფუნქციებით ინოვაციურია. ახალი სისტემა ისეთ თანამედროვე მიდგომებს მოიცავს, როგორიცაა: ლიკვიდობის მართვის ეფექტური მექანიზმები, ნაწილობრივი გადახდები, საპირისპირო ტრანზაქციების გაქვითვა (ნეტ ანგარიშსწორების პრინციპით), ავტომატური დაგირავების და ფასიანი ქაღალდების სესხების მოქნილი მექანიზმები.
   GSS სისტემაში საბროკერო კომპანიებთან ერთად კომერციული ბანკებიც ჩაერთვებიან, რაც ბაზრის მონაწილეებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ბროკერებს შეეძლებათ თანაბრად მარტივად ივაჭრონ როგორც კორპორაციული, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით და დადებული გარიგებების ანგარიშსწორება ელექტრონული ფორმით, სწრაფად და დაცულად განახორციელონ. სისტემა ინტეგრირებული იქნება როგორც საფონდო ბირჟის ძველ და შემდგომ ახალ სავაჭრო სისტემასთან, ასევე ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმასთან, რაც ვაჭრობის და ანგარიშსწორების მთლიანი ციკლის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. შედეგად კი გარიგების დადებიდან მის ანგარიშსწორებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი იქნება საჭირო.
   ახალი სისტემის დანერგვით, მოქმედი პროცედურები და ანგარიშსწორების წესები მკვეთრად შეიცვლება და თანამედროვე პრინციპებს დაეყრდნობა. მუშაობა ამ მიმართულებით უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს. ინვესტორების ფასიანი ქაღალდები უფრო საიმედოდ იქნება დაცული და საჭიროებისამებრ მათი ფულად გადაქცევა გაყიდვის, დაგირავების ან რეპო ოპერაციების გზით უფრო ადვილი და მოსახერხებელი გახდება. ეს კი უდავოდ გაზრდის ქართული კაპიტალის ბაზრის მიმზიდველობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.