„სფქცდ“-ის შესახებ
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი“ დაარსდა 1999 წლის 11 ნოემბერს სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მიერ. კომპანია წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს რგოლს და ემსახურება ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს - ბირჟებს, საბროკერო კომპანიებს, ბანკებსა და ინვესტორთა ფართო წრეს.
ცენტრალური დეპოზიტარს 2000 წლის 1 მარტს მიღებული აქვს ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია #80001.
„საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ მთავარ როლს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდებით დადებული გარიგებების უსაფრთხო და დროული კლირინგი და ანგარიშსწორება, რისთვისაც ის:
- ინახავს და აღრიცხავს ემიტენტების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს;
- ხსნის ანგარიშებს და ემსახურება ფასიანი ქაღალდებისა თუ სხვა ფინანსური აქტივების ანგარიშების მფლობელებს;
- ქმნის საოპერაციო წესებსა და პროცედურებს, შეაქვს მათში ცვლილებები და უზრუნველყოფს მათ დაცვას;
- ახორციელებს ბირჟებზე და არასაბირჟო ბაზარზე ფასიანი ქაღალდებით დადებული გარიგებების ცენტრალიზებულ კლირინგსა და ელექტრონულ ანგარიშსწორებას;
- აწესებს ფასიანი ქაღალდების ერთიანი აღრიცხვის წესებს;
- უწევს სპეცდეპოზიტარის მომსახურებას საპენსიო სქემების დამფუძნებლებს;
- შინაგანაწესის შესაბამისად ახორციელებს შემოწმებებს და კონტროლს, აწესებს სანქციებს წევრებისა და დეპოზიტარის სისტემის მონაწილეების მიერ არსებული წესებისა და პროცედურების დარღვევისთვის.